"MOX" - დათო სამნიაშვილი

   სალამი მატერიალური სამყაროდან. რამოდენიმე აბზაცით მინდა გიამბოთ ამ მშვენიერი წიგნის შესახებ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე არ ვარ ვირტუალური, უფრო კონკრეტულად კი ჩემივე იდეალური სამყაროდან, მაგრამ სხვა პერსონაჟების მსგავსად, ჩემი ნუმერაციული მომხმარებლის სახელწოდება K24 იქნებოდა.
   "MOX" ეს არის ერთ-ერთი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ნამუშევარი, რომელიც გაჯერებულია მდიდარი ფიზიკური ტერმინებით, ჩამთრევი თხრობითა და საინტერესო სიუჟეტით.
   შევეცდები ერთ აბზაცში გაგაცნოთ დათო სამნიაშვილის სადებიუტო რომანის შინაარსი. მოვლენები ვითარდება ვირტუალურ სამყაროში, რომლის სახელწოდებასაც სათაურშივე ამოიკითხავთ. სხვა სამყაროებისგან შემდგარი ეს დიდი ერთობა კარლ მოქსმა შექმნა. წიგნში მოქსი დროისა და სივრცის მიღმა არსებობს, შესაბამისად მისივე მომხმარებლებიც. მთავარი პერსონაჟი M13 თავის სამყაროს ფანჯრიდან უეცრად გადმოვარდა და მატერიალური სამყაროს საგიჟეთშია გამომწყვდეული სადაც დღიურებს აწარმოებს. წიგნის პირველ ნაწილში სწორედ მის დღიურებს ვეცნობით, ისევე როგორც მის განცდებს, შიშებს და ახლაც შეძენილ ემოციებს მატერიალური სამყაროს მიმართ.
   წიგნში გვხვდება მნიშვნელოვანი და რაც მთავარია კარგი იდეოლოგიების თავყრილობა. სამეცნიერო ფანტასტიკა როდის ყოფილა მუდმივად რბილი.  აქ, ყოველ თავში ვხვდებით როგორც ზოგადსაკაცობრიო, ისე პირადულ თემებს, მათ არგუმენტირებულ მსჯელობას და შემდგომ დასკვნით ეპილოგს.
   რომ არ მოგატყუოთ, ფიზიკაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ თხრობაში ყოველივე ტერმინის გაშიფვრა და შემდგომ პოლემიკაში მოყვანა ისეთი დამაჯერებელია, რომ ოდესღაც კარლ მოქსის იდეებს ვიღაც გაამჟღავნებს და ჩვენს ყველაფერ მატერიალურს გზის პირას მივატოვებთ. ბოლო 40 გვერდი ე.წ. უთავო დაპროგრამირებული ავატარი საუბრობს და ჩანს ხედვა ან აქცენტი, თუ როგორი შეიძლება შედგეს არსებული აწმყოს მომავალი, ტექნიკური თუ ევოლუციური სახით.
   საინტერესოა M13-ის ფიქრები და შიშები საგიჟეთში მოხვედრის დროს. მისი სამყარო ხომ ასე კარდინალურად განსხვავდება მატერიალურისგან, შედაბამისად ყველა მოძრაობა, სიტყვა თუ რეაქცია მისთვის უცნაურია. ამავდროულად პერსონაჟს უცხოპლანეტელის სინდრომი უვითარდება, თუ როგორ იფიქრებდა ინდივიდი (რადიკალურად განსხვავებული და მოაზროვნე პიროვნება) ჩვენს ყოველდღიურობაზე, ის ხომ ასეთი საშინელი და გულისამრევია მოქსთან შედარებით.
   მე კი ვიტყვი, რომ სამნიაშვილმა საქართველოს ნამდვილი სამეცნიერო ფანტასტიკის ნიმუში შესძინა, სწორი აქცენტებით და განსხვავებული სიუჟეტით.

   ერთი სიტყვით, თუ დათოსთან ერთი ფინჯანი ყავის დალევას გადაწყვეტ, თან მისი ახლოს გაცნობა და აზრის შეცნობა დაგჭირდებათ, ტყუილად არ მოაცდინოთ, "MOX" ისედაც ყველაფერს გეტყვით.
 

Comments